ახალი ამბები
აბაშის ორ სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
აბაშაში, აბაშისწყლის ადიდების გამო, სოფლებში - წყემსა და ზანათში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაცების სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონის მომატებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. ორივე სოფლიდან 25 ოჯახის ევაკუაცია იგეგმება.

ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მუშაობს 50 მეხანძრე-მაშველი. ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტები აზარალა. დაიტბორა მოსახლეობის სახლები და ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე განადგურდა მოსავლის ნაწილი.