13 წლის გიდი უშგულიდან, რომელიც ტურისტებს ოთხ ენაზე ესაუბრება
„ებრაული ვისწავლე ტურისტებისგან. ებრაელმა ტურისტებმა მართალია ინგლისური იციან და ინგლისურად ველაპარაკებოდი, მაინტერესებდა ებრაულის სწავლა. ცოტათი რთული ენაა. ძნელი გამოსათქმელია სიტყვები. ზოგჯერ მეშლება, მაგრამ ტურისტებს ყველაფერს ვაგებინებ ებრაულადაც. ებრაელი ტურისტიც ბევრი ამოდის, მაგრამ უფრო მეტი მაინც ინგლისელია, გერმანელი. თურქულიც ვისწავლე ტელევიზორიდან, რაღაც თურქული ფილმები, რომ გადიოდა მისი დახმარებით. ინგლისურის სწავლაში მასწავლებლები დამეხმარნენ. რუსულის ათვისებაშიც მასწავლებელი მეხმარებოდა. ყველაზე კარგად ამ ენებიდან ინგლისური ვიცი“, - უთხრა „ლაივპრესს“ გიორგი ქოჩქიანმა.

უშგული. ფოტო: ნათია ქოჩქიანი
13 წლის გიდს ტურისტები უშგულიდან სხვადასხვა მიმართულებით ცხენებით მიჰყავს. უნდა მისი სოფელი, მურყმელი უფრო პოპულარული გახდეს და სვანეთში ჩამოსულ სტუმრებს ძირითადად ამ სოფლის შესახებ ესაუბრება. მომსახურების საფასურით ის 5 სულიან ოჯახს ეხმარება. სამი და-ძმა არიან, თუმცა გიდობით მხოლო გიორგია დაკავებული. მოზარდი ამბობს, რომ მისი მომსახურება ძვირი არ ღირს. მაგალითად, ამ კვირაში ტურისტების ჯგუფი შხარამდე (ცხრათავიანი მწვერვალი) 50 ლარად აიყვანა საკუთარი ცხენებით. ამბობს, რომ სტუმრებს ძალიან მოეწონათ მისი გიდობა და გაცილებით მეტი შესთავაზეს თანხაც, თუმცა მოერიდა და მხოლოდ 50 ლარი აიღო:
„თითქმის ყოველდღიურად მყავს ტურისტები. მე მათ სამაგალითო გიდობას ვუწევ. სოფელსაც ვათვალიერებინებ, შხარაზეც ამყავს. გააჩნია, როგორც უნდათ. შხარამდე 19 კილომეტრი იქნება ჩვენი სოფლიდან. 7 კილომეტრში კი იქ კაფეა, საჭმლები აქვთ. ტურისტები მიმყავს თამარ მეფის კოშკებამდეც. ეს კოშკები ძალიან ლამაზი იყო, სანამ კომუნისტები დაანგრევდნენ. მაინც ბევრი რამე შემორჩა. ერთი კოშკი აქედან 9 კილომეტრში დგას, მთის მწვერვალზე. ძალიან ლამაზია. მეორე უფრო ახლოსაა“, - ამბობს გიორგი ქოჩქიანი.

უშგული. ფოტო: ნათია ქოჩქიანი
13 წლის გიდის უმთავრესი სურვილი ახლა მისი სოფლის განვითარებაა. ხელისუფლებასაც ერთადერთს ამას სთხოვს. გიორგი ამბობს, რომ მურყმელში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, სახლების დიდი ნაწილი დაზიანებულია. აქ 8 ოჯახი ცხოვრობს. არიან ისეთებიც, მხოლოდ ზაფხულში, რომ მიდიან საცხოვრებლად.
„ეს არის სოფელი, სადაც ზვავის შედეგად თითქმის ყველა სახლი დაზიანებულია და ტურისტებიც ნაკლები შემოდის. მე მინდა და მოვითხოვ, რომ ეს სახლები აყვავდეს და ეს სოფელი გახდეს ისეთი, მანამდე რომ არავის უნახავს. ამ ყველაფრის მერე ტურისტების შემოსვლა უფრო მეტი იქნება. სახლები ინგრევა სიძველის და ზვავის გამო. ახლა არაფერი ჯობს აქაურობას, ისეთი ხედია, ისეთი სიმწვანე და სიმშვიდეა“, - გვითხრა გიორგი ქოჩქიანმა.

უშგული. ფოტო: ნათია ქოჩქიანი
მისი უახლოესი გეგმა უცხო ენებში ცოდნის გაღრმავებაა. რა პროფესიას აირჩევს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. მერვე კლასის მოსწავლე ახალი სასწავლო წლისთვისაც ემზადება. გიორგის სკოლა მეზობელ სოფელშია და სწავლის პერიოდში ყოველდღიურად 2 კილომეტრის გავლა უწევს, თუმცა ამბობს, რომ სწავლაში ეს ხელს არ უშლის.