ახალი ამბები
სუსი: მერიის ააიპ-ში გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო
„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამის შესახებ "ლაივპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. „ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განმარტეს უწყების პრესსამსახურში.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ ბოტანიკური ბაღის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რა სახის შესაძლო დანაშაულზეა საუბარი.

„ლაივპრესმა“ ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას სთხოვა, განემარტა, თუ რა შესაძლო დანაშაულზე საუბარი სუს- ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, თუმცა ზუგდიდის მერმა განაცხადა, რომ სუსის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ სოცილაური ქსელიდან შეიტყო.

ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ 2018 წლის დასაწყისში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ შეიქმნა. მისი მზრუნველობის ქვეშაა ზუგდიდის და განმუხურის ბოტანიკური ბაღები. ააიპ-ში დასაქმებულია 29 ადამიანი, დირექტორია ზვიად ქარჩავა. მანამდე, 2017 წელს ააიპ ფუნქციონირებდა „განმუხურის ბოტანიკური ბაღის სახელით და მაშინ მასაც ზვიად ქარჩავა ხელმძღვანელობდა.