ახალი ამბები
ზვიად ქარჩავა: სუსმა ააიპ-ის დოკუმენტაცია შეამოწმა
სუს-მა დოკუმენტაცია შეამოწმა, - უთხრა "ლაივპრესს" „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორმა. ზვიად ქარჩავასთან დღეს სამუშაო ოთახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მათ კითხვები არ ჰქონიათ, აინტერესებდათ დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ წესრიგში გვაქვს“, - თქვა ზვიად ქარჩავამ.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

„ლაივპრესმა“ ზუგდიდის მერ ლაშა გოგიას სთხოვა, განემარტა, თუ რა შესაძლო დანაშაულზეა საუბარი. მერმა განაცხადა, რომ სუსის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.

ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ 2018 წლის დასაწყისში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ შეიქმნა. მისი მზრუნველობის ქვეშაა ზუგდიდის და განმუხურის ბოტანიკური ბაღები. ააიპ-ში დასაქმებულია 29 ადამიანი, დირექტორია ზვიად ქარჩავა. მანამდე, 2017 წელს ააიპ ფუნქციონირებდა „განმუხურის ბოტანიკური ბაღის“ სახელით და მაშინ მასაც ზვიად ქარჩავა ხელმძღვანელობდა.