რა სირთულეებს აწყდებიან ფერმერები კენკროვანი კულტურის მოყვანისას [ვიდეო]
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ხშირ შემთხვევაში ახალბედა ფერმერები ისე იწყებენ სხვადასხვა კულტურის მოყვანას, რომ საფუძვლიანად არ იცნობენ საკითხს, რაც წარუმატებლობით მთავრდება. მათი ინფორმაციით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია კარგად ვიცნობდეთ და გამოკვლეული გვქონდეს ნიადაგი, ასევე მაქსიმალურად შევისწავლოთ კულტურა, რომლის მოყვანასაც ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია ფერმერი წინასწარ ფლობდეს ინფორმაციას შესაძლო რისკებზე, რა სახის დაავადებები არსებობს და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ.
ფერმერთა ნაწილის განმარტებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური აგრონომი, რომელიც მცენარის კონკრეტული დაავადების სამკურნალო პრეპარატებს გამოწერს. თუმცა, ამის პარალელურად ასევე ითქვა, რომ ხშირად მსხვილ ფერმერებსაც კი არ სურთ აგრონომებისთვის მომსახურებისთვის ფულის გადახდა და მათი რეკომენდაციების მიღებას სწრაფად, ტელეფონით არჩევენ, რაც ართულებს პროცესს.

შეხვედრის ორგანიზატორებმა, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ წარმომადგენლებმა ფერმერებს ასოციაციების ჩამოყალიბება და ერთმანეთისთვის შეცდომების და წარმატებების გაზიარება ურჩიეს.
სამუშაო შეხვედრაში როგორც ფერმერები, ასევე მენერგეები, მწარმოებლები, გადამამუშავებლები, რეალიზატორები, ექსპორტიორები და საქმიანობასთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ 2017 წელს დაიწყო და გრძელდება. ამ დრომდე პროგრამას 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. პროგრამა კენკროვანი კულტურის გარდა, ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, ყვავილების კულტურების, სასათბურე მეურნეობის, მეფუტკრეობის მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას გულისხმობს.
პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ახორციელებს.