არასამთავრობო: მოწერელია კანონმდებლობით შეუთავსებელ თანამდებობაზეა ბიზნესკომპანიაში
„საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მოწერელია ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს „ქაპ ჯორჯია“ - 49% წილის მფლობელი და დირექტორი. შპს „ფიმა ჯორჯია“ - 50% წილის მფლობელი, შპს „აერკომპანი“ - 16.34% წილის მფლობელი. ალექსანდრე მოწერელია ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ათზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში (საერთო ფართობი 65 000 კვ. მეტრამდე). კანონმდებლობის თანახმად, ალექსანდრე მოწერელია შპს „ქაპ ჯორჯიაში“ დირექტორის პოზიციიდან უნდა გადადგეს, კომპანიებში კუთვნილი წილები კი მინდობით სხვა პირებს უნდა გადასცეს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათ ინფორმაცია ახალი გუბერნატორების ქონებრივ მდგომარეობაზე დღეს გამოაქვეყნეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს, ალექსანდრე მოწერელიას და სხვა გუბერნატორებსაც 10 დღის ვადაში დატოვონ სამეწარმეო სუბიექტებში ხელმძღვანელი პოზიციები; კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, კუთვნილი წილები მინდობით გადასცენ სხვა პირებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ვადით.
გუბერნატორად დანიშვნამდე ალექსანდრე მოწერელია „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მოწერელია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 21 აგვისტოს წარადგინა. ის ამ თანამდებობაზე პრემიერმა დანიშნა.