ალექსანდრე მოწერელია: ბიზნესიდან მოვედი და ლოგიკურია, რომ მაქვს წილები
„არაფერი არ არის მოუწესრიგებელი. ჩაიხედეთ, კანონში როგორ არის. დანიშვნის დღიდან ათი დღის ვადაში უნდა მოხდეს ცვლილებები. 10 დღე ხომ არ გასულა? ათი დღე რომ გავა და თქვენ ისევ რომ მობრძანდებით და იგივე მდგომარეობა მექნება, მაშინ შეიძლება დარღვევაზე ვისაუბროთ. მე ბიზნესიდან მოვედი და ლოგიკურად, რა თქმა უნდა მაქვს წილებიც“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.
ახალი გუბერნატორი სამ კომპანიაში ფლობს წილს და არის ათზე მეტი ნაკვეთის მესაკუთრე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელია ერთ-ერთ კომპანიაში იკავებს დირექტორის პოზიციასაც. კანონმდებლობით კი ეს შეუთავსებელია. მან, როგორც გუბერნატორმა 10 დღის ვადაში უნდა დატოვოს დირექტორის თანამდებობა შპს-ში. ასევე მოუწევს კომპანიებში კუთვნილი წილები მინდობით სხვა პირებს გადასცეს. ორგანიზაციამ ახალი გუბერნატორების ქონებრივ მდგომარეობაზე ინფორმაცია 22 აგვისტოს გამოაქვეყნა.