ახალი ამბები
ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის მორიგი ეტაპი იწყება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შემდეგი ეტაპი იწყება. ეს ეტაპი საკარმიდამო ნაკვეთებში მოსაზიდი ფერომონების დამონტაჟებას და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით წამლობის დაგეგმვას გულისხმობს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხებზე აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში მიმდინარე შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

სექტემბრიდან უნდა დაიწყოს თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

„მოზამთრე ფაზაში მავნებელი ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებში, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფერომონების დამონტაჟება საკარმიდამო ნაკვეთებში, იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს ბრძოლის ღონისძიებების არეალი და მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის რიცხოვნობა“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.

მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა.