წალენჯიხის ორ სოფელში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
„ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა”, „გზა ჩვენი მომავალია”, „დავიღალეთ” , - ამ შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ ხელში აქციის მონაწილეებს.
ჭალეს მცხოვრებლები ჭალე-ფახულანის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზის, ხოლო მუჟავაში, ჯვარი-მუჟავას დამაკავშირებელ 12 კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, წლებია ისინი ამ მოთხოვნით გამოდიან, არის დაპირებები, რომლებიც არ სრულდება.
შეკრებილთა თქმით, განსაკუთრებით ცუდი ამინდის დროს ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. პრობლემას წარმოადგენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად მოსვლაც.
მოსახლეობა ამბობს, რომ ეს ტერიტორიები მიტოვებულია, მაშინ როცა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფლებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. აქციის მონაწილეები ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას მისვლას ელოდებიან.