ახალი ამბები
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი", - წერს ლაშა გოგია.

მას ტელეფონი გამორთული აქვს. პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას გარდა იმისა, რაც ლაშა გოგიამ გამოაქვეყნა არ ფლობენ.

ცოტა ხნის წინ ლაშა გოგია „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე სუსში გამოკითხეს. ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ-ის საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო. სუსის ცნობით, ცენტრის საქმიანობის შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან 26 აგვისტოს, პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერს მათ შორის ლაშა გოგიას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს. მაშინ ლაშა გოგიამ "ლაივპრესს" განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია "აბსურდია".

ლაშა გოგიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმაჯვა. თვითმმართველი ქალაქის და თემის გაერთანების შემდეგ ლაშა გოგია პირველი, პიდაპირი წესით არჩეული მერი იყო. მანამდე ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა.