ახალი ამბები
რუსთავი 2: ბიზნესმენმა ზუგდიდის მერს და ვიცე-მერს ქრთამად 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა
რუსათვი 2-მა აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.  მათივე ცნობით, "შაბათის კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩინოვნიკებს თანხა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ზურაბ კვირკვიამ კონკრეტული ობიექტების ხელში ჩაგდების სურვილით გადაუხადა, თუმცა, თანამდებობის პირებმა დანაპირები ვერ შეასრულეს, რამაც ბიზნესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციითვე, გარიგების თანახმად, კვირიკვიას ავტოსადგური, გულუას პარკი და რკინიგზის სადგური უნდა გადასცემოდა. უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ეს ტერიტორია დაბალ ფასად გადასცემოდა ბიზნესმენს, რაც ასე არ მოხდა. სწორედ ამ ჩაშლილმა გარიგებამ გამოიწვია კვირკვიას გაღიზიანება. ტელეკომპანია ჩანაწერის ტექსტურ ვერსიასაც აქვეყნებს:

„კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...

გოგია: ვინ აიღო ფული?
კვირკვია: მომისმინე, 10 ათასი დოლარი გულორდავას მივეცი კონვერტით. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ. მომისმინე 11:00 საათზე გადავრიცხე ბანკით.
გოგია: ვის მიეცი?

კვირკვია: გულორდავას გადავურიცხე. ის შენი მოადგილეა. მან მითხრა. მომისმინე. მე უკვე ვთქვი. მომისმინე, იცი რა მითხრა, თქვენ რომ იცოდეთ, მე ვირთხა არ ვარო, ფული მაშინვე მივეციო. შენზე თქვა. ეს პირად საუბარში მითხრა.
გოგია: რატომ არ დაინტერესდი?

კვირკვია: არ დავინტერესდი, ის ხომ შენი მოადგილეა, ჩემი ხომ არ არის ?
გოგია: რატომ მიყვირი?

კვირკვია: იმიტომ რომ ნერვები აღარ მაქვს.
გოგია: დამშვიდდი.

კვირკვია: როგორ უნდა დავმშვიდდე. 4 თვეა მარბენინებთ და ომი გამამართინეთ და ამასთან ერთად ფულის დარიგება წინასწარ მაიძულეთ. როგორ უნდა დავმშვიდდე?" - წერს რუსთავი2. მათი ინფორმაციით, ჩანაწერი ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის კაბინეტშია გაკეთებული.

ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მიზეზებზე ლაშა გოგია ორშაბათს ისაუბრებს. ის ამ დრომდე მივლინებით პრაღაში იმყოფება.

ლაშა გოგიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმაჯვა. მან ამ თანამდებობაზე ერთ წელზე ნაკლები დაჰყო. თვითმმართველი ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ ის პირველი, პიდაპირი წესით არჩეული მერი იყო. მანამდე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტს იკავებდა.