ახალი ამბები
ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო
ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლით, ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაცია „ლაივპრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დღეს რუსთავი 2-მა აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კურიერის“ ხელთ აღმოჩნდა ფარული ჩანაწერი, სადაც ერთ-ერთი ბიზნესმენი მერს კორუფციაში ამხელს და მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მათივე ცნობით, „შაბათის კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში ისმის თავად გოგიას საუბარიც, რომელიც თანხის აღებას არ უარყოფს.

11 სექტემბერს „ლაივპრესს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ლაშა გოგია „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეზე გამოკითხეს.

ლაშა გოგია თანამდებობიდან 12 სექტემბერს გადადგა.