გია გულორდავა: ბიზნესმენს უნდოდა პირდაპირი იჯარის წესით მიგვეცა მიწა
ყოფილი ვიცე-მერის თქმით, ის ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას იცნობს, მაგრამ მისგან თანხა არ მიუღია.
„მას უნდოდა პირდაპირი იჯარის წესით მიგვეცა მიწა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. უარი ვუთხარი და რაში უნდა მოეცა ფული“, - განაცხადა გია გულორდავამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ გავრცელებული ცნობით ბიზნესმენ კვირკვიას აქვს აუდიო და ვიდეომასალა, თუ როგორ გადასცა გია გულორდავას 10 ათასი აშშ დოლარი, ყოფილმა ვიცე-მერმა თქვა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.
„თქვენ თუ ნახავთ ასეთ ვიდეოს, მოდით და მე ბოდიშს მოგიხდით. წავალ აგერ ორთაჭალაში იყო მგონი ხო ციხე?“, - უთხრა ჟურნალისტებს გია გულორდავამ.
ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ამ საქმეზე ამ წუთებში ყოფილი ვიცე-მერი გამოკითხვაზე იმყოფება. მან თანამდებობა13 სექტემბერს დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი კვირკვია მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.