ახალი ამბები
არასამთავრობო: ქვეყანაში მაღალია კორუფციის რისკი
საქართველოში დღეს მაღალია კორუფციის რისკი ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების პროცესში. განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის თქმით, კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო სტრუქტურების რეაგირებაც ნელი, გაუმჭვირვალე და არაეფექტური იყო. შესაბამისად, ორგანიზაცია ამბობს, რომ ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემა რეფორმას საჭიროებს.

„გამჭვირვალობის“ ანგარიშში ნახსენებია ზუგდიდის მერის და ვიცე მერის თანამდებობიდან გადადგომა. ისიც, რომ გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გოგიას მიერ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ფარულ ჩანაწერს, სადაც მერსა და ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას შორის სავარაუდოდ ქრთამის სანაცვლოდ ქონების გადაცემაზეა საუბარი.

ორგანიზაციის განცხადებით, კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „იბერიისა” და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს შორის გავრცელებული საუბრის ფარული ჩანაწერები, სადაც საუბარია ბიზნესისთვის საგადასახადო პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო „კონტრიბუციაზე”.

„გამჭვირვალობის" თქმით, ამ შემთხვევებს წინ უსწრებდა 2018 წლის ივლისში მოულოდნელი სამთავრობო ცვლილებები, როცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობები დატოვეს. აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული შემთხვევები იმის დასტურია, რომ სახელმწიფოს დანაშაულის პრეცენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები არ აქვს.

„პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პოსტზე კანდიდატად დასახელებისას, ანტიკორუფციულ სისტემაში ცვლილებები ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დაასახელა. მან ახალი ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროსაც, თუმცა მთავრობას დღემდე არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

„გამჭვირვალობაში“ განმარტავენ, რომ სუს-ს დაქვემდებარების გამო, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა არ შეესაბამება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და კორუფციული დანაშაულების გამოძიების პროცესზეც ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის თქმით, აუცილებელია კორუფციული დანაშაულის გამოძიებასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს, დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს, რაზეც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებიც საუბრობენ.