ახალი ამბები
ზუგდიდის მერის მოადგილეს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტის გამო უჩივლეს
ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავას ფეისბუკზე სამუშაო საათებში პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პოსტის გამოქვეყნების გამო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ უჩივლა.

„მაიზერ ნანავა სამუშაო საათებში ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგით ნომერს, სტატუსით „სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად“.


ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამუშაო საათებში საჯარო მოხელის მიერ პრეზიდენტის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით, დაირღვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების კანონით დადგენილი წესი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

შესაძლებელია, რომ მაიზერ ნანავას მხრიდან ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, - განმარტავს ორგანიზაცია.


თავად მერის მოადგილე აცხადებს, რომ ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მოკვლევა.

„საჩივრის შესახებ ინფორმირებული ვარ, თუმცა ეს ჩემი პირადი გვერდია. საოლქოში მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს“, - გვითხრა მაიზერ ნანავამ.

მერის მოადგილის მიერ სოციალურ ქსელში სამუშაო საათებში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტის გამოქვეყნების გამო რა გადაწყვეტილებას მიიღებს საოლქო კომისია, ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა, რის შემდეგაც მივიღებ გადაწყვეტილებას, შედგეს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტი“, - უთხრა „ლაივპრესს“ მირანდა მესხმა.

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.