ახალი ამბები
გვასალია არ ადასტურებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ გუბერნატორის მრჩევლად დანიშნეს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა ლაშა გვასალიამ. პრესსამსახურის განცხადებით, ის გუბერნატორის თანაშემწე გახდა.

„ლაშა გვასალია ხელშეკრულებით თანამშრომლობს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანაშემწის პოზიციაზე“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

თუმცა თავად ლაშა გვასალია „ლაივპრესთან“ საუბარში მის ახალ თანამდებობაზე გადაყვანას არ ადასტურებს.

„ადმინისტრაციის უფროსი არ ვარ, მაგრამ არც ახალ თანამდებობაზე ვარ, ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, ხვალ გავარკვევ ყველაფერს და შემდეგ გეტყვით“, - გვითხრა მან.

12 სექტემბერს ლაშა გვასალიამ გვითხრა, რომ მისი შემცვლელი უკვე შერჩეულია, თუმცა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

მან თქვა, რომ შესთავაზეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეობა, რაზეც უარი განაცხადა.

„მე ახლა პირველი რანგის მოხელე ვარ და მესამე რანგზე ხომ არ გადავიდოდი? ჩემთვის ეს მიუღებელია. თვითმმართველობა ძალიან საინტერესო სამსახურია სხვათაშორის, მაგრამ მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს. ჯერ გათავისუფლებაზე განცხადებას არ ვწერ, ველოდები რაღაც ზარს. მაქვს შეთანხმება და მერე გადავწყვეტთ. აბა ისე ხომ არ იქნება?“, - აღნიშნა ლაშა გვასალიამ.

გვასალია გუბერნატორის აპარატის უფროსად 2015 წლის 3 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. არჩევნების შემდგომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახდა. იყო „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრი. ლაშა გვასალია აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ საპროტესტო გამოსვლებსა და ქუჩის აქციებში, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იმართებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრესსამსახურში დღეს სხვა საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას კონსულტანტად ლევან წულაია დაინიშნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნის შემდეგ ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიცია 23 აგვისტოს დავით კოდუამ დატოვა. მეორე დღეს იგივე გადაწყვეტილება ყოფილმა პრესსამსახურმა ორ თანამშრომელთან ერთად მიიღო.