ახალი ამბები
ზუგდიდში პური გაძვირდა [ვიდეო]
ზუგდიდის საცხობების ნაწილში პურის ღირებულება გაძვირდა. მაგალითად, „პურის სახლში“ ფასმა 10-15 თეთრით მოიმატა თითქმის ყველა სახეობაზე. მიზეზი, როგორც განგვიმარტეს, ერთ ტომარა ფქვილზე 49 ლარამდე გაზრდილი ღირებულებაა. მათივე თქმით, ორი წლის განმავლობაში ფასი ეტაპობრივად იმატებდა, განსაკუთრებით შესამჩნევი კი ბოლო ორ თვეში გახდა.

„ყოველ ორ კვირაში თითო-თითო, ორ-ორ ლარად იმატებდა. როგორც გვითხრეს, ხორბალია გაძვირებული. თუ ბატონის გასაყიდი ფასი 52-50 თეთრი იყო, ახლა მასიურად 60-ია. მრგვალი პურის შემთხვევაში 45-დან 55 თეთრამდე გაიზარდა. ტოსტის პურის ჩაბარების ფასი 82-83 თეთრი იყო, ახლა 93 თეთრი გახდა. მოიმატა ფუნთუშის ფასმაც“, - გვითხრეს პურის სახლში.

აღნიშნეს, რომ მომხმარებლებში ფასების მომატებამ უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ეს მათი რაოდენობის შემცირებაზე არ ასახულა. ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ პური თითოეული ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია. განმარტეს - ბოლო წუთამდე თავს იკავებდნენ ღირებულების გაზრდისგან, თუმცა ჩაბარების ფასი უკვე თვითღირებულებას სცდებოდა.

პური ჯერ არ გაუძვირებიათ ზუგდიდში მოქმედ სხვა პურსაცხობებში. შპს „ნაროს“ მფლობელმა დავით ნაროუშვილმა გვითხრა, რომ ფასები მათთან და ყველა სხვა ქარხანაში ხვალიდან 10 თეთრით მოიმატებს. ამბობს, რომ ამ პირობებში რეალურად მოგება არაფერი რჩებათ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღეს.

„ჩვენთან, ადგილზე პურის საბითუმო ფასი გვაქვს 50 თეთრი, გახდება 60 თეთრი. მიზეზი დენის და გაზის გაძვირებასთან ერთად, განსაკუთრებით არის ხორბლის ღირებულების გაზრდა. ერთი ტომარა ხორბალი გაძვირდა 11 ლარით. კიდევ ძვირდება ჩვენი ინფორმაციით. სად გაჩერდება და როგორ, არ ვიცით“, - აღნიშნა მან.

პურის და ფუნთუშის ღირებულებას ხვალიდან შპს „ლეკოც“ გააძვირებს. მისმა მეპატრონემ, ლევან ბეჭვაიამ „ლაივპრესთან“ საუბარში იგივე მიზეზები დაასახელა, რაც წინა ორი საცხობის წარმომადგენელმა. მომხმარებელი მათ პროდუქციას პურზე 10, ფუნთუშაზე კი 5 თეთრით გაზრდილ ფასად შეიძენს.

ჩვენს მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას პურზე ფასის მომატების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამბობენ, რომ ჯერაც ეს პროდუქტი ძველი ღირებულებით შეიძინეს. განმარტავენ - ფასის ზრდა მნიშვნელოვნად დააწვება ოჯახების ბიუჯეტს, რომლებსაც ისედაც უჭირთ.

მარკეტებში აცხადებენ, რომ გაძვირება ჯერ მათთან არ ასახულა. მხოლოდ ერთ მაღაზიაში ლიტვურ პურზე ფასმა ათი თეთრით მოიმატა.

პურის საცხობებში აქვთ ინფორმაცია, რომ ფასის ზრდა კიდევ იგეგმება. მათი თქმით, შესაძლოა ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება 60 ლარიც კი გახდეს.