ახალი ამბები
„ქართული ოცნება" - ტორტი საბავშვო ბაღში
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოაცხვეს და „ქართული ოცნება“ დააწერეს.

ბაღის გამგე მიმოზა დამენიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ლოგო ტორტზე „ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად“ გააკეთეს.

„ჩვენ ოცნების დროშებიც გვქონდა გარეთ საქართველოს დროშასთან ერთად აღმართული, მაგრამ გუბერნატორთან ერთად იყო გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ ეს დროშა უნდა მოგვეხსნა და ტორტზე ოცნების ლოგოც გადაგვიხაზა. ეს რად გინდოდათო - გვითხრა.

ოცნებაა ახლა ხელისუფლებაში და არ მეგონა, თუ ცუდი რამე გავაკეთეთ. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალი ბაღი აგვიშენა. ვინმეს რომ ეთქვა მანამდე, რომ არ იყო საჭირო, არ გავაკეთებდით, მაგრამ სადაც შევდივარ, ყველგან ქართული ოცნების დროშაა და ჩვენთანაც რომ ყოფილიყო, ამით რა დავაშავეთ არ ვიცი“, - გვითხრა მიმოზა დამენიამ.

კირცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა იმყოფებოდნენ.