გუბერნატორი ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს შეხვდა
გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ ინიცირებული პროექტები, მათ შორის პროექტი „სახლის მშენებლობა" და პროგრამა მრავალშვილიანთა და სოციალურად დაუცველთათვის - „ერთი თბილი ოთახი". ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელმა მედიკამენტებისა და ოპერაციული მკურნალობისათვის განსაზღვრულ ბიუჯეტზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა გზის საფარის რეაბილიტაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების საჭიროებაზეც იმსჯელეს.
„ჩვენ სხვადასხვა აქტუალური პრობლემა განვიხილეთ და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. ვფიქრობ, არასაკმარისია მოქალაქეებთან კომუნიკაციის ინტენსივობა. უნდა გააქტიურდეს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაჭრაში. მოსაგვარებელია დაუმთავრებელი მშენებლობისა და ტენდერების საკითხიც. ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის პრობლემების სასიკეთოდ გადაწყვეტას, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ“, - ნათქვამია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ლაივპრესის“ კითხვაზე, თუ რატომ არ იყო მედია ინფორმირებული აღნიშნული შეხვედრის შესახებ, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „გაცნობითი შეხვედრა“ იყო.
ალექსანდრე მოწერელიამ გუბერნატორად წარდგენის დღეს, 21 სექტემბერსაც ისაუბრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოქალაქეებთან არასაკმარის კომუნიკაცია აქვთ.