ახალი ამბები
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

თარიღთან დაკავშირებით დღეს ენგურის ხიდზე სხვადასხვა სახის აქციებია დაგეგმილი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მდუმარე აქციას გამართავენ და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს დაასრულებს ფეხით მსვლელობას ენგურის ხიდზე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. ის მეთოთხმეტე დღეა თბილისიდან ფეხით ანგურის ხიდამდე რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად მიდის.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წლისთავთან დაკავშირებით სენაკში ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ გაიმართება.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 250 ათასამდე კი დღემდე დევნილია.