ახალი ამბები
ენგურის ხიდზე მშვიდობის ნიშნად ბუშტები და ფრანები გაუშვეს [ვიდეო/ფოტო]
სოხუმის დაცემის 25 წლის თავთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე სიმბოლური აქცია გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მივიდნენ. მათ სიმბოლურად, აფხაზებთან მეგობრობის ნიშნად სანთლებით გამოსახეს გული. „აფხაზეთი საქართველოა“, „აფხაზები ჩვენი მეგობრები არიან“ - ამ შინაარსის იყო სამშვიდობო გზავნილები აქციის მონაწილეთა მხრიდან.

ენგურის ხიდზე იმყოფებოდა მათ შორის მერის მოავლეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ჯიქია. შეკრებილებმა სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს ფერადი ბუშტები წარწერით „მე შენ მიყვარხარ“, „ესეც მეგობრობის ნიშნად“. ასევე ფრანები. მათ ასევე პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ ადამიანებს.

სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 250 ათასამდე კი დღემდე დევნილია.