ახალი ამბები
„ევროპულმა საქართველომ“ ენგურის ხიდზე პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულებს [ვიდეო]
„ევროპულმა საქართველომ“ და მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ენგურის ხიდზე სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ ბანერებით - „რუსეთი ოკუპანტია“, „ჩვენ გვახსოვს სოხუმი“, „აფხაზეთი საქართველოა“, „არა ოკუპაციას“.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სანამ ჩვენს გულსა და გონებაში იქნება აფხაზეთი, მანამ ის არ იქნება დაკარგული. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის. მისივე თქმით, ყველა ხელისუფალის და პოლიტიკოსის მთავარი მიზანი უნდა იყოს დეოკუპაცია და ქვეყნის ერთიანობაზე ზრუნვა.

ოპოზიციამდე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათ მშვიდობის და მეგობრობის ნიშნად ჰაერში ფრანი და ფერადი ბუშტები გაუშვეს.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 250 ათასამდე კი დღემდე დევნილია.