ახალი ამბები
ზუგდიდში 6000-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლი დაითვალეს [ვიდეო]
ზუგდიდში სავარაუდოდ 6 200 მიუსაფარი ძაღლია , - ეს შედეგი არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურის“ მონიტორინგმა აჩვენა, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მონიტორინგი საერთაშორისო მეთოდოლოგიით ჩაატარეს. კერძოდ, დასახლებული პუნქტები დაყვეს კვადრატებად, სადაც მონიტორები ძაღლებს ითვლიდნენ.

„მერკურის" შედეგებს არ ეთანხმება ზუგდიდის მერია.

მერიის წარმომადგენლის, აბესალომ ჯღარკავას განცხადებით, მიუსაფარი ძაღლების დასახელებული ციფრის ნახევარიც კი არ არის ქალაქში.

„ძაღლების გაყვანა დაიწყეს სამი-ოთხი წელია და თქვენ წარმოიდგინეთ, ადრე რა იქნებოდა? - ძაღლების მეტი, ქალაქში ხალხი არ იქნებოდა“, - აღნიშნა მან.

მას ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ეკა მინჯორაიამ ჰკითხა, თუ რა მონაცემები აქვთ მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის შესახებ, რის პასუხად, მერიის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ციფრებს, თუმცა აღიარებს, რომ მიუსაფარი ძაღლები ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა.

„მიმდინარე წელს, ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე 30 ათასი ლარი გამოყო, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა აშენდეს რეგიონალური თავშესაფარი“, - განაცხადა აბესალომ ჯღარკავამ.

ზუგდიდში მიუსაფარი ძაღლების ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობაზე შეხვედრა მიმდინარე წლის ორ ივლისს გაიმართა, სადაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ თანხა თავშესაფრის ასაშენებლად.

შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგი ჩაატარა. დილის 7 სააათიდან სხვადასხვა უბნებზე ძაღლები ორგანიზაციის მოხალისეებმა აღწერეს.