მესტიის სოფელ ლენჯერში კოშკს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სააგენტოს ინფორმაციით, მართკუთხა ფორმის კოშკი, რომელიც შემაღლებულ ფერდობზე დგას, ნატეხი ქვითაა აშენებული. დღეისთვის შემორჩენილია კოშკის ორი სართული და ცოკოლის ნაწილი. სამხრეთით მეორე სართულის დონეზე გაჭრილია სწორკუთხა ფორმის კარი თარაზული გადახურვით, რომლის თავზეც გაკეთებულია ღია ლუნეტი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებზე აქვს ქვის შვერილები.
შემორჩენილი კედლების ყველაზე მაღალი ნაწილი დაახლოებით ათი მეტრი სიმაღლისაა, ხოლო ყველაზე დაბალი - ორ მეტრზე ცოტა მეტი. უფრო გვიან პერიოდში კოშკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პირველი სართულის დონეზე მიდგმულია ბლოკით ნაგები მინაშენი.
სააგენტოს ცნობით, კოშკი ტრადიციული სვანური კოშკის ტიპიური ნიმუშია. მიუხედავად დაზიანებებისა, განმარტავენ, რომ მას ამ დრომდე არ დაუკარგავს ფასეულობები კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით და იმსახურებს უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას.