ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
ავტობუსის გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს.
ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ მეათე საჯარო
სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოსწავლეებს შორი
მანძილის გავლა უწევთ. დეპუტატმა დააყენა საკითხი, თუნდაც დაწყებითი
კლასის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ.
საპასუხოდ მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, დავით ხუბუამ
განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ.
ხუბუას სიტყვებით, შესაძლოა მოხდეს მოზარდების ტრანსპორტით
მომსახურების შესყიდვა, ან შედგეს მოლაპარაკება მუნიციპალურ
ტრანსპორტთან, რათა მორიგეობით მოემსახურონ მოსწავლეებს.
საუბარია ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა
მშობლების
მოთხოვნაზე. რამდენიმე დღის წინ მათ „ლაივპრესს“
განუცხადეს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო მოზარდები დროებით მესამე
საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ, ეს კი
დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მათ შესაბამისი განცხადებით მერიას
მიმართეს, რომელსაც ხელს 32 ბავშვის მშობელი აწერს.
ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს
ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში
დაიგეგმა. სამუშაოები გულისხობს სკოლების შენობების სრულ აღდგენას.
მათ შორის დამატებით ლაბორატორიების მოწყობას და მაღალი სტანდარტების
გარემოს შექმნას.