ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდს თბილისი აფასებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,
ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ინციდენტების პრევენციისა და
მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე,
აგრეთვე არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის
მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.
თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა შეაფასეს ჟენევის
მოლაპარაკებების მიმდინარეობა დისკუსიების დაწყებიდან 10 წლის თავზე.
ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის ფორმატის, ისევე როგორც, გალისა და
ერგნეთის შეხვედრების როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის საქმეში.
ეს იმ ფონზე, როცა, სამინისტროს განმარტებით, ადგილზე ყოველდღიური
ხასიათი აქვს ინციდენტებსა და პროვოკაციებს. მონაწილეებმა
საქართველოდან დაგმეს რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკების
წარმომადგენელთა „დესტრუქციული ნაბიჯები“ IPRM-ის წინააღმდეგ.
თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი
გაუსვეს მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების აუცილებლობას,
საწყისი პრინციპების და წესების სრული დაცვით.
გალის შეხვედრა 27 ივნისს
ჩაიშალა და
მას შემდეგ არ გამართულა. ის აფხაზმა და რუსმა მონაწილეებმა დატოვეს.
მანამდე განაცხადეს, რომ თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს
განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღებდნენ, მოლაპარაკების
მაგიდას დატოვებდნენ.
ჟენევაში კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მათ შორის, გაიყვანოს საქართველოს
ტერიტორიიდან საოკუპაციო საკუთარი სამხედროები. მათ ასევე დაგმეს
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში გახშირებული სამხედრო წვრთნები და
საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების
კუთხით გაუარესებულ ვითარებას, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური
ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, უკანონო დაკავებებს. მონაწილეებმა
საქართველოდან და აშშ-დან ისაუბრეს თავისუფალი გადაადგილებისა და
საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის პრობლემებზე, ე.წ.
გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და საოკუპაციო ხაზზე დაწესებული
სხვადასხვა შეზღუდვის შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ და
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც
ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობას
ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გალში მიმდინარე
დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, რომელიც სამინისტროს განმარტებით,
მკვიდრ ქართველ მოსახლეობას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს რეგიონის
დატოვებასა და უცხოელებად დარეგისტრირებას შორის. აქცენტი გაკეთდა
გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე
მიღების აკრძალვაზე.
მოლაპარაკებების ოთახი კვლავ დატოვეს დევნილთა დაბრუნების საკითხის
განხილვისას რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება მიმდინარე წლის 11-12
დეკემბერს გაიმართება.