ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრს ახალი მსახიობები ჰყავს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს სამი ახალი მსახიობი ჰყავს. ისინი სხვადასხვა ქალაქის თეატრებიდან მოიწვიეს. ერთ-ერთი მათგანი მარიამ ხანთაძეა, რომელიც 2013 წლიდან დღემდე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობდა. მსახიობს ათეულობით როლი აქვს ნათამაშევი.

მარიამ ხანთაძე. ფოტო: ზუგდიდის თეატრის ფეისბუკი

დემეტრე ნაყოფიაც დასის ახალი წევრია. მას გამოცდილება მიღებული აქვს სხვადასხვა თეატრში. ახალგაზრდა მსახიობს უთამაშია როგორც ზუგდიდის და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში, ასევე თავისუფალი თეატრის, თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო თეატრის სცენებზე.

დემეტრე ნაყოფია. ფოტო: ზუგდიდის თეატრის ფეისბუკი

დასის კიდევ ერთი ახალი წევრი თეა ცინცაძეა. მას უთამაშია ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის სცენაზე, სპექტაკლში - „მაკბეტი“.

ზუგდიდის თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ დემეტრე ნაყოფია 7, დანარჩენი ორი კი პირველი ოქტომბრიდან შეუდგა მუშაობას.

თეა ცინცაძე. ფოტო: ზუგდიდის თეატრის ფეისბუკი

„სურვილი გვაქვს, ახალგაზრდები მოვიყვანოთ. რაც უფრო მეტი ახალგაზრდაა დასში, მით უკეთესია. ხელშეკრულება მათთან პირველ იანვრამდე დაიდო. იანვრის შემდეგ კი გაუგრძელდებათ ჩვეულებრივ“, - განმარტა ზურაბ ეგუტიამ.

ზუგდიდის თეატრს სულ 19 მსახიობი ჰყავს.