დოკუმენტური ფილმი რუხის მეგობრობის ზეიმზე [ვიდეო]
დღესასწაულის ისტორია პუბლიცისტმა მაყვალა ბერიანიძემ წიგნად გამოსცა და მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
„1978 წელს, აფხაზეთში გარკვეულ ჯგუფს სურდა აფხაზეთის კრასნოდართან მიერთება. მაშინ კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ჟიული შარტავას ინიციატივით გადაწყდა, რომ ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შეხვედრა ჩატარებულიყო რუხში, რადგან რუხი ისტორიულად იყო ის ადგილი, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ზეიმი ეროსი მანჯგალაძეს მიყავდა. მასში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა. საოცარი დღეები იყო. სამეგრელოში ყველა სახლის კარი ღია იყო სტუმრებისთვის. მახსოვს თეატრალიზებული სანახაობა, ილია ჭავჭავაძის სტუმრობა იყო შარვაშიძეებთან. რუხის დღესასწაულებმა მაშინ განმუხტა დაძაბულობა“, - გვითხრა მაყვალა ბერიანიძემ.

მისი აზრით, რუხში გამართული დღესასწაულების შემდეგ, ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები არ იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს სათანადოდ გამოყენებული.
„1989 წელსაც რომ ამდაგვარი რამე გაგვეკეთებინა და ტყვიებით არ გველაპარაკა, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა მქონდა სერგო ბაღაფშთან. ერთხელ მასთან ერთად ვიყავი „კავკასიური ცარცის წრეზე“. ვეუბნებოდი, კარგად უყურე-მეთქი აზდაკს. თბილისი არ გაგლიჯავს აფხაზეთს, იმიტომ რომ თავისი სიყვარულია - მეთქი. როგორი ურთიერთობები გვქონდა, შემდეგ კი ბარიკადების საპირისპირო მხარეებზე აღმოვჩნდით. მგონია, რომ ჩვენი თაობის ურთიერთობები არ იქნა გამოყენებული“, - ამბობს მაყვალა ბერიანიძე.
რუხის მეგობრობის ზეიმები 1979 წლიდან 1984 წლამდე იმართებოდა.
უახლოეს დღეებში წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია ზუგდიდში გაიმართება. გუშინ ფილმი თბილისში ვალერი არქანიას არტ- გალერეაში აჩვენეს.
ფილმი „რუხი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კვალდაკვალ“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრმა მოგვაწოდა.