გუბერნატორი ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა
„გუბერნატორი მოვიდა და გაგვეცნო. რაიმე კონკრეტულ საკითხებზე არ გვისაუბრია. დაათვალიერა აქაურობა. დღეს ნიკოს სასახლეში იმყოფებოდა და ძალიან მოეწონა. თავის მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ პრობლემები. როგორც კი რეკონსტრუქცია დამთავრდება, ვემზადებით საგამოფენოდ. ექსპონატების გამოსაფენად დაგვჭირდება ვიტრინები და სხვა ბევრი ინვენტარი. ვკითხეთ, თუ შეგვიძლია, რომ დახმარებისთვის მივმართოთ, მან გვითხრა, რომ მზადაა დახმარებისთვის“, - გვითხრა მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ.

გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ალექსანდრე მოწერელია მუზეუმს ახალი პროექტების განსახორციელებლად, შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაპირდა.
„შეხვედრის მიზანი მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და ამასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების გაცნობა იყო. ალექსანდრე მოწერელიამ ტურისტების მოზიდვის შესახებ მუზეუმის თანამშრომლების მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა. გუბერნატორი მათ ასევე დახმარებას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და მათ განსახორციელებლად შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობაში. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დადიანების სასახლეთა მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისთვის პრიორიტეტად დაასახელა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ასევე, განსაკუთრებულ მიმართულებად გამოჰყო ინვესტორების მოზიდვა“, - აცხადებენ გუბერნატორის პრესსამსახურში.