მესტიის სოფელ ნაკიფარის ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„სრულიად გამორჩეული მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით იქცევს ყურადღებას ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი. საფასადო კომპოზიცია მასიური, შვერილი პილასტრებით შედგენილ სამთაღედს ეფუძნება;ფასადის მხატვრული გადაწყვეტის ღირსებას წარმოადგენს მისი ფრესკებითა და ზოომორფული სკულპტურული თავებით გამშვენიერება. შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ ხელოვნებაში სრულიად უნიკალურად აღიქმება ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიის ექსტერიერი და მისი მხატვრული გადაწყვეტა, როგორიცაა სკულპტურული და ფერწერული დეკორის ერთიან კომპოზიციად გააზრება.
გამორჩეული მნიშვნელობისა ტაძრის ინტერიერის მოხატულობა, რომელიც სვანური ფერწერული სკოლის აყვავების ხანას მიეკუთვნება. გამოკვეთილი ხელწერისა და ხაზგასმულად ექსპრესიული მონუმენტური მხატვრობა შესრულდა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.