პუტინის „რჩეული“ ვაშაძე და „მარიონეტი“ ბაქრაძე - ზუგდიდში ახალი პლაკატები გააკრეს [ფოტო]
ერთ პლაკატზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია გამოსახული წარწერით - „მე ვირჩევ გრიგოლ ვაშაძეს, შენ?“. მეორე პლაკატზე პუტინს გრიგოლ ვაშაძე ხელში უჭირავს, რომელსაც თან აქვს საბჭოთა დროშა და წარწერა „ეფესბე“ (რუსეთის უსაფრთხოების სამსახური) და „ჩვენი კანდიდატი“.

კიდევ ერთ პლაკატზე ჩანს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თითქოს გრიგოლ ვაშაძეს და დავით ბაქრაძეს მართავს, როგორც მარიონეტებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ პლაკატების გაკვრაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ანა წითლიძის თქმით, საქმე გვაქვს „პლაკატებთან მებრძოლ“ ხელისუფლებასთან, რომელსაც არაფრის თავი, გარდა იმისა, რომ მსგავსი მეთოდებით შეეწინააღმდეგოს ოპოზიციას, არ აქვს.
„ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს იყენებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ეს სისულელეები გააკრას, ეს ხელისუფლება არის დამთავრებული. აქვთ ჩვეულებრივი ისტერიკა და ეს ჩანს თუნდაც ამ მოქმედებითაც. ხვალ მიიღებენ ამის პასუხს, 28 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან“, - გვითხრა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელ ბათლომე შელიას თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან ჩვეულებრივი „ბინძური თამაშია“ და მეტი არაფერი.
„მსგავსი ბინძური, უზნეო მეთოდებით აპირებენ არჩევნებზე ფონს გასვლას“, - აღნიშნა მან.

ბრალდებებს უარყოფენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში. ადგილობრივი ორგანიზაციის შეხვედრების კოორდინატორ პაატა ლაგვილავას მტკიცებით, პლაკატების გაკვრასთან მათ კავშირი არ აქვთ. მეტიც, ერთადერთი, რაც მათ გააკრეს, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებია.

„არანაირი შემხებლობა ამ პლაკატებთან ჩვენს საარჩევნო შტაბს არ აქვს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არ მოსულა ეს პალაკატები ჩვენამდე. ჩვენებს არ გაუკარვთ. ვინ გააკრა, მართალი გითხრათ არ მაქვს ინფორმაცია“, - განმარტა მან.
პრეზიდენტის არჩევნები ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება.