თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: მოვუწოდებ ყველას თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მოქმედებებისგან
„ვალდებული ვიყავი შესულ საჩივარზე გამეცა წერილობითი პასუხი. შესული წერილი ავალდებულებს სამინისტროს, მოახდინოს სრული მოკვლევა ამ წერილის გარშემო, ამიტომ დამატებითი კომენტარებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ასევე, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მოქმედებებისგან და დაელოდონ სამინისტროს შესაბამის უწყებებს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ბადრი წერედიანმა.
ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც მსახიობების და ადმინისტრაციის ნაწილი დაუპირისპირდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაცემად მივიდა, სადაც გვითხრეს, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე ბადრი წერედიანის პასუხს სწავლობენ.
ზუგდიდის თეატრიდან სამინისტროში ორი წერილი გაიგზავნა. ერთი, სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების, მეორე კი მისი მხარდაჭერის შესახებ.
ბადრი წერედიანის გათავისუფლების მომხრეები მას რეპერტუარის არქონაში, მაყურებლის დაკარგვასა და ახალი პროექტების ჩაშლაში ადანაშაულებენ.
სამხატვრო ხელმძღვანელის მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ მათ წარმატებული გასტროლები ჰქოდათ. რაც შეეხება რეპერტუარს, ბადრი წერედიანის თეატრში დარჩენის მომხრე მსახიობების თქმით, მათ შენობის არქონის გამო არასათანადო პირობებში უწევდათ მუშაობა.