ახალი ამბები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში კრებებს მოიწვევენ
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან დაიწყება, - ამის შესახებ ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ განაცხადა.

„5 ნოემბრიდან ვიწყებთ სოფლის კრებების მოწვევას, რაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს სოფლის მოსახლეობამ, რომ ჩამოვაყალიბოთ პროგრამის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას“, - გვითხრა რუსლან კილასონიამ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს განაცხადა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.

„ეს პროგრამა აღვადგინეთ არა იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც იყო და მივმართეთ მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მისი ბიუჯეტი არის, დაახლოებით 20 მილიონი ლარი.

გავითვალისწინეთ ბიუჯეტის აუთვისებლობის შესაძლებლობაც, ანუ იმ შემთხვევაში თუ პროექტების რაოდენობა ან თვითონ პროექტები არ იქნება ისეთი, რომელიც ამ პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ეს თანხა იქნება მიმართული ისევ რეგიონული განვითარების ფონდში და მოხმარდება ისევ მუნიციპალურ საჭიროებებს.

ჩვენ შევისწავლეთ ამ პროგრამის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები და ყველაფერი გავითვალისწინეთ“, - განაცხადა მინისტრმა.