ეკა ბესელია: გახარიას ჩასვლა ზუგდიდში, არჩევნების სტაბილურად ჩატარებას ემსახურება
„ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის მზადყოფნას. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში, რამდენად დისტანცირებულია და იცავს პოლიცია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამ მხრივ, მინისტრის ადგილზე ჩასვლა და სტრუქტურების გაცნობა მხოლოდ ეხმარება ამ პროცესის კიდევ უფრო სტაბილურობას",- განაცხადა ბესელიამ. მისი ინფორმაციით, მმართველ გუნდს მეორე ტურისთვის ახალი სტრატეგია აქვს შემუშავებული, რომლის ფარგლებშიც უმრავლესობის წევრები აქტიურად გეგმავენ ხალხთან გასაუბრებას.
შინაგან საქმეთა მინისტრი 5 ნოემბერს იმყოფებოდა ზუგდიდში. გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და მაჟრიტარ დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. მინისტრის სიტყვებით, ზუგდიდში მისი ვიზიტის მიზანი, არჩევნების პირველი ტურის შეფასება იყო. 5 ნოემბერსვე შეხვედრებისას გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის საარჩევნო შტაბს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობას მანამდე ყოფილი მერი ლაშა გოგია იკავებდა, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით 1 ნოემბერს დააკავეს.