ახალი ამბები
ენმ: მცირემეწარმეებს ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებენ
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და „ოცნების“ შტაბის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ მეთხილეები გააფრთხილა, მათ სასარგებლოდ იმუშაონ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე შტაბის უფროსმა ანა წითლიძემ ისაუბრა.

მისივე ცნობით, გუბერნატორი დაემუქრა მათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქარხნებში ფინანსური პოლიცია შევა. ერთ-ერთ ასეთ საწარმოდ ფაიფურში მდებარე ობიექტი დაასახელა. ანა წითლიძემ მეთხილეთა ვიანობა, როგორც განმარტა, მათივე თხოვნით არ დაასახელა, თუმცა განმარტა - ინფორმაცია ზეწოლებზე სწორედ ამ ადამიანებისგან მიიღო.

მისივე თქმით, სახელმწიფო რწმუნებული მეთხილეებზე ზეწოლას ახდენს. მეტიც, ანა წითლიძის ცნობით, ქარხნის დირექტორები გააფრთხილეს, აღწერონ თანამშრომლები და ამ პირების პირადობის მოწმობებიც მოითხოვეს.

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ამბობს, რომ ალექსანდრე მოწერელიას ამ საქმეში თხილის მწარმოებეელთა ასოციაციის ერთ-ერთი დირექტორი, ვალდერ კოდუაც ეხმარება, რომელიც 7 ნოემბერს მივიდა ქარხანაში და თანამშრომლებს გუბერნატორის „ბრძანება“ გააცნო.

ანა წითლიძემ თხილის ქარხნების თანამშრომლებს მოუწოდა არ შეშინდნენ, რადგან არავის აქვს უფლება მათი პირადობების მოთხოვნის და ბრძანების, თუ ვის მისცენ ხმა არჩევნებზე. მისთვის გაუგებარია, რატომ მართავს შეხვედრებს გიორგი გახარია მეთხილეებთან - "შს მინისტრია თუ სოფლის მეურნეობის?".

7 ნოემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც შს მინიტრი და გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფერმერებთან ერთად, თხილის ექსპორტიორებს, მერებს, მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა

ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ერთ-ერთი ფერმერის ცნობით, საუბარი აზიურ ფაროსანას და პრობლემებს შეეხო, რაც მეთხილეობის განვითარებას უშლის ხელს. გუბერნატორის თქმითაც, ისაუბრეს როგორც თხილის კულტურაზე, ასევე, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზეც. მათ შორის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე.

გიორგი გახარია გუბერნიაში 4 ნოემბერსაც იმყოფებოდა. მან თქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანი არჩევნების პირველი ტურის შეფასება იყო.