ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის თანამშრომელი: კრებები არ ასახავს სოფლის საჭიროებებს
ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროს რუსლან კილასონიას განცხადებით, სოფლის საჭიროებების გამოსაკვლევად კრებების ჩატარება მოძველებული ფორმაა და ის უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობაზე გამოცემა „ლიბერალის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„სოფლის კრებები არ ასახავს სოფლის საჭიროებებს. ევროპულ ქვეყნებში ასე არ ხდება. შევაგროვებთ ხალხს სოფელში და ვეტყვით, რომ თქვან თავიანთი პროექტები, ისინი კი სურვილებს გამოთქვამენ. მაგალითად, ამა თუ იმ სოფელში მოქალაქე იტყვის, რომ სოფელს სჭირდება ხიდი, ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მეცნიერული დასკვნები, კვლევები, შესაძლებელია თუ არა, რომ იმ სოფელში გაკეთდეს ეს ხიდი. მეთოდები კრებების ჩატარების, ოქმების და ხელმოწერების უნდა შეიცვალოს. კვლევების ჩატარებაა საჭირო“, განაცხადა რუსლან კილასონიამ.

ზუგდიდის მუნიციპალტეტში სოფლის კრებები 5 ნოემბრიდან დაიწყო.

1 ნოემბერს მერიის საქმიანობის ანგარიშზე რუსლან კილასონიამ განაცხადა, რომ სოფლის კრებების ჩატარების შემდეგ ჩამოყალიბდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა.