ახალი ამბები
ირაკლი ღურწკაიას გადაუწყვეტელი არჩევანი და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი ღურწკაია ფრაქციაში რჩება - „ლაივპრესთან“ სატელეფონო საუბარში მან უარყო რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ის არამხოლოდ პარტიას, არამედ საკრებულოს ფრაქციასაც ტოვებდა.

„მე დავტოვე პარტია, მაგრამ ფრაქციაში ჯერ ვრჩები, თუმცა ჩემს თანაგუნდელებთან არ მქონია კონსულტაციები. რას ვაპირებ, რას გავაკეთებ, ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამჟამად ფრაქციაში ვარ, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საერთოდ წავიდე საკრებულოდან“, - ამბობს ირაკლი ღურწკაია, რომელიც ჯერ კიდევ 13 ნოემბერს „ლაივპრესთან“ საუბარში ფრაქციის დატოვებაზე საუბრობდა.

„დავტოვე პარტია და შესაბამისად, დავტოვე ფრაქციაც. ამის შესახებ მივმართავ უახლოეს დღეებში საკრებულოს, თუმცა როდის, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. არ ვაპირებ გავწევრიანდე სხვა ფრაქციაში“.

ირაკლი ღურწკაიამ საკუთარი არჩევანით, ფაქტობრივად, ფრაქციის ამჟამინდელი თავმჯდომარის ბათლომე შელიას საქციელი გაიმეორა. წინა მოწვევის საკრებულოში, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო, ბათლომე შელიამ პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა, თუმცა „ნაციონალების“ ფრაქციაში დარჩა.


ფრაქცია "ევროპული საქართველო". ფოტო: საკრებულოს პრესსამსახური

პარტიის დატოვების შესახებ განცხადება ირაკლი ღურწკაიამ 10 ნოემბერს გააკეთა.

„ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას თქმით, ირაკლი ღურწკაიამ პარტია ზეწოლის შედეგად დატოვა, რაშიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ჩართული.