ახალი ამბები
კორცხელში პედაგოგებს დაავალეს ბიულეტენის გასწვრივ გვარის პირველი ასო მიაწერონ - სამართლიანი არჩევნები
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მათ ერთ-ერთი ქვეთავი ზუგდიდს ეხება. ორგანიზაციის თქმით, მათ დამკვირვებელს ერთ-ერთმა პედაგოგმა მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სოფელ კორცხელში მასწავლებლებმა სოფელში მერის წარმომადგენელ მერაბ თორდიასგან მიიღეს დავალება, რომ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე მისვლის და ხმის მიცემის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გასწვრივ, ბიულეტენში უნდა მიაწერონ თავიანთი გვარის პირველი ასო.

სოფელში მერის წარმომადგენელი ბრალდებას უარყოფს და მას „ყურით მოთრეულს“ უწოდებს. ამბობს, რომ მსგავსი დავალება არავისთვის მიუცია. მერაბ თორდიას თქმით, ეს არაკეთილმოსურნეების მიერ გავრცელებული ჭორია.

„მყავს ალბათ მოწინააღმდეგეები, რომლებსაც არ მოვწონვარ, რადგან სოფელში ბევრი რამეა გაკეთებული. გაზიფიცირება გაკეთებულია. გამრიცხველიანება, ბიბკლიოთეკა. ეჭვით ლაპარაკი, მე, როგორც იურისტს არ მიყვარს. ფაქტებით მიყვარს ლაპარაკი“, - გვითხრა მერაბ თორდიამ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მასში საუბარი სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეეხება.