ახალი ამბები
წალენჯიხის სერვისების სააგენტოს უფროსი პროკურატურაში დაკითხეს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი მთავარ პროკურატურაში დაიკითხა. უწყებიდან გამოსულმა არკადი ფიფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააგენტოს გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში წალენჯიხიდან მივლინებით იმყოფება გადამზადების მიზნით. მისივე სიტყვებით, 2019 წელს წალენჯიხაში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა იგეგმება და გადამზადებაც ამას უკავშირდება.

„სხვა სპეციფიკაა საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა და ამიტომ გავდივართ გადამზადების პროცესს“, - განაცხადა არკადი ფიფიამ. ასევე აღნიშნა, რომ მის ნაცვლად წალენჯიხაში გადაწყვეტილებებს მოვალეობის შემსრულებელი იღებს.

შეკითხვას ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ, არკადი ფიფიამ არ უპასუხა. თქვა, რომ ეს კითხვები სააგენტოს პრესსამსახურს უნდა დაუსვან.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებენ, რომ გასულ კვირაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. მათივე ინფორმაციით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო“ პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო“ პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო“ პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე.

საქმეზე გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების მუხლით დაიწყო.