ახალი ამბები
დადიანების ეზოს სიახლოვეს ინვესტორს სასტუმროს მშენებლობა სურს
ზუგდიდში, დადიანების ეზოს სიახლოვეს შესაძლოა 3 სართულიანი სასტუმრო აშენდეს. ეს სურვილი სასტუმროს კონცეფციასთან ერთად დღეს სამშენებლო კომპანია m²-ის ადმინისტრაციამ გააცნო ადგილობრივ ხელისუფლებას. გეგმის თანახმად ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში, რომელიც 130 ნომერს გააერთიანებს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონი ლარია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი სასტუმრო ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმის შესაბამისად უნდა დაპროექტდეს. ქალაქს გენგეგმა არ აქვს, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ მასზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება და დასრულების შემდეგ კი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ამ დოკუმენტის მიხედვით განხორციელდება, მათ შორის ახალი სასტუმროს მშენებლობაც.

გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, გეგმაზე მუშაობა სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობით დაიწყება, დოკუმენტის შემუშავებისთვის კი მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნება თანხა.

"მისი (ახალი სასტუმრო) მშენებლობა, ისევე როგორც სხვა ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელება შესაძლებელი იქნება ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ", - აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

სამშენებლო კომპანიამ სასტუმროს კონცეფციის წარდგენის შემდეგ ზუგდიდელებისთვის კონცერტი გამართა. საათნახევრის განმავლობაში მსმენელს საკუთარი პროგრამა წარუდგინა მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა.