ზუგდიდის საკრებულომ მერიას პრადოების გასხვისება მოსთხოვა
საკრებულოს დეპუტატის, კონსტანტინე კაკავას თქმით, ახალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, დეპუტატებმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების რეკომენდაციით მიმართეს მერიას. ძვირაღირებული ავტომანქანების ჩანაცვლებასთან ერთად, მათ თანამდებობის პირებისთვის საწვავის ლიმიტის შემცირებაც მოითხოვეს.
„წლის განმავლობაში ამ ძვირადღირებული მანქანების შენახვისთვის თანხების გამოთავისუფლება მოგვცემდა სხვა პროგრამების, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, ან ინფრასტრუქტურის დაფინანსების საშუალებას. პრადოს საბურავის გამოცვლა ხუთჯერ უფრი ძვირია, ვიდრე სედანის ტიპის მანქანის. შესაბამისად, ადმინისტრაციის ავტოპარკის ჩანაცვლება ელექტრომობილებით, ან ჰიბრიდული მანქანით, პერსპექტივაში მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს. დამატებით თანხებს სხვა პროგრამებისთვის“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.
„უნდა დავითვალოთ ხარჯები, თუ რა სახის ეკონომიას მოგვცემს ავტომობილების გასხვისება და ახლით მისი ჩანაცვლება. ხარჯების დაანგარიშების შემდეგ გადავწყვეტთ“.
მისივე თქმით, ზუგდიდის მერიის ბალანსზე 4 პრადოა.
საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, კი ისინი გააკონტროლებენ მერიის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიმართულებით.