ახალი ამბები
აფხაზი მოსწავლეები კრემლის ნაძვის ხის ზეიმზე გაემგზავრებიან
12 აფხაზი მოსწავლე მოსკოვში, კრემლის მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე გაემგზავრება. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, მოზარდებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით 25-26 დეკემბერს ელოდებიან ზეიმზე - „ნაძვის ხე კრემლში“. მათივე ცნობით, შერჩეული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები და ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.

„ყოველწლიურად რუსეთის მთავარ ნაძვის ხესთან იკრიბება 5 ათასზე მეტი მოზარდი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. მომსახურებაში შედის ექსკურსია მოსკოვის ღირშესანიშნავ ადგილებში“, - უთხრა „აფსნიპრესს“ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ლასურიამ.

მისივე თქმით, უკვე 15 წელია მოზარდები რუსეთის მთავარ საახალწლო ზეიმში იღებენ მონაწილეობას.