ლუკა ჩხეტიას ოჯახი: უდანაშაულობის დასამტკიცებლად ყველა ზომას მივმართავთ
ლუკა ჩხეტიას ბიძაშვილმა მანუჩარ ჩხეტიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოიყენებენ როგორც სამართლებრივ გზას, ასევე უკიდურეს პროტესტს.
„სასამართლომ გამოიტანა აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება, რაც სრულიად უკანონო იყო, რადგან არანაირი მტკიცებულება არ იყო. მხოლოდ ერთი ოპერმუშკი ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა ის. ლუკა ჩხეტია არ არის კრიმინალი, ის არის მებრძოლი და პატრიოტი. ჩვენ არ გავჩერდებით, ჯერ მივმართავთ სასამართლოს, შემდეგ კი უკიდეურეს ზომებს, აქციებს“, - გვითხრა მანუჩარ ჩხეტიამ.
თბილისში ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულებს, მათ შორის ლუკა ჩხეტიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ლუკა ჩხეტიას ოჯახი აცხადებს, რომ დაკავებული თბილისში ოპოზიციის მიტინგზე დასასასწრებად ჩამოვიდა. მას იარაღი არ ჰქონდა. გამოძიება კი დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვასა და ჯგუფურად შეძენას ედავება.