ახალი ამბები
გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდელი გუკა ბაძაღუა 17 დეკემბრამდე პატიმრობაში დატოვა. უთხრა „ლაივპრესს“ სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ. მისი თქმით, არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, რის გამოც შიმშილობის აქციის გზას მიმართეს. ამბობენ, რომ ღამეებს გაათევენ და გუკას არ მიატოვებენ.

"სასამართლოსთან ვსხედვართ. შიმშილობა გვაქვს გამოცხადებული. ახლა ვაპირებთ გეგმა შევადგინოთ. ცოტა ხანი აქ დავრჩებით და შემდეგ პროკურატურასთან გადავინაცვლებთ. ღამეებს გავათევთ. არ დავიშლებით, სანამ გუკა გარეთ არ იქნება“, - აღნიშნა როსტომ ზარანდიამ.

საპროტესტო აქციაზე მონაწილეები ზუგდიდიდანაც ჩავიდნენ.

წინასწარი პატიმრობის ვადა გუკა ბაძაღუას დღეს ეწურებოდა. პროცესის პარარელურად, სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობდა. მათი მტკიცებით, ზუგდიდელი ახალგაზრდა სრულიად უდანაშაულოდ დააკავეს.

იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია უფრო ადრე ზუგდიდშიც გაიმართა.

გუკა ბაძაღუა 11 ოქტომბერს, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მისი მეგობრების, ოჯახის და სამოქალაქო აქტივისტთა განცხადებით, პროკურატურას არავითარი მტკიცებულებები ამ ადამიანის მიმართ არ აქვს.