ახალი ამბები
ფაროსანას გასანადგურებლად შესაძლოა ადგილობრივი პარაზიტებიც გამოიყენონ
სურსათის ეროვნული სააგენტო 2019 წლიდან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდზე გადავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ ლიპარტიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, მავნებლის განადგურების მიზნით ადგილობრივი პარაზიტების გამოყენებაც მოხდეს. მისი თქმით, ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმიდინარეობს.

„ვმუშაობთ ბიოლოგიური აგენტების მოძიებაზე საქართველოში და მიმდინარეობს შესაძლებლობის შესწავლა, რამდენად დააზიანებს მავნებელს ბიოაგენტი. ზოგადად საქართველოში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში, დაახლოებით 40-მდე სახეობის პარაზიტი არის გამოვლენილი, რომელსაც ფაროსანას კვერცხის დაზიანება შეუძლია, მათ შორის ოთხი არის განსაკუთრებულად გამოყოფილი, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა თავთავიანი კულტურების მავნებლის, მავნე კუსებურასწინააღმდეგ და საკმაოდ წარმატებულადაც. ამ ოთხიდან შეიძლება შეირჩეს ერთი-ერთი და ამაზე მიმდინარეობს ზუსტად მუშაობა. ეს არ არის შემოყვანილი, ეს არის ადგილობრივი მტაცებელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია გავრცელებული და ლაბორატორიაში, რომელიც შეიქმნა ანასეულში, ამ საკითხებზე იქნება ინტენსიური მუშაობა. ლაბორატორიისთვის უკვე შესყიდულია აპარატურა, რომელიც დამონტაჟდება მომავალი წლიდან, ზამთრის პერიოდიდან და დაიწყება კვლევები ამ მიმართულებით“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ.

აზიური ფაროსანა ბოლო რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის მოსავალს ანადგურებს. შეწამვლის სახელმწიფო პროგრამის პარალელურად მავნებელს ფერმერები თავადაც ებრძვიან.