ახალი ამბები
ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა „მეამბოხე გოგონების ამბები“ წაიკითხეს [ვიდეო]
„ძილისპირულის ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“, - ასი მამაცი ქალის ისტორია საჯაროდ წაიკითხეს დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

წიგნი იმ მემბოხე ქალებზეა, რომელთაც შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ.

საჯარო კითხვაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მერიის თანამშრომლებმა.

ყოველი ამბის წაკითხვის შემდეგ მოზარდები საუბრობდნენ, თუ რატომ იყო მათთვის ეს ისტორია საინტერესო. დისკუსიის სპიკერი იყო მერის წარმომადგენელი სოფელ კახათში ირაკლი ჯიქია.

მან წაიკითხა ამბავი ბრიტანელ მათემატიკოს ადა ლავლეისზე, რომელმაც პირველმა დაწერა კომპიუტერული პროგრამა.

წიგნში ჩვენთვის ნაცნობი სახელებიდან შევხვდებით ანა პოლიტკოვსკაიას, ასტრიდ ლინდგრენს, შარლოტა ბრონტესა და მის დებს, კოკო შანელს, მალალა იუსაფზაის, მარგარეტ ტეტჩერს, მარია კიურის, მიშელ ობამას, მარია კალასს, ნინა სიმონეს, იოკო ონოს და ბევრ სხვა მამაც ქალს.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ასევე დოკუმენტური ფილმი რეშმა საუჯანზე, სადაც ის ამბობს, რომ გოგონებს უნდა ასწავლონ სიმამაცე და არა სრულყოფილება.

მეამბოხე გოგონების ამბები დღეს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში წაიკითხეს.