ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულო მერიის ააიპ-ების საქმიანობის შესწავლას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატი კონსტანტინე კაკავა მერიის ააიპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით, კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მისი განცხადებით, საკრებულოს დეპუტატებმა შეისწავლეს მერიის აიპ-ებში არსებული მდგომარეობა და წინასაწარი შეფასებით, გაერთიანება და გამსხვილება აღმოჩნდა არაეფექტური.

„რამდენიმე აიპ-ის გაერთიანების შედეგად, არავითარი ფინანსური კლება არ გვაქვს. გაერთიანებული აიპ-ების მართვა გახდა არაეფექტური. ამიტომაც, მივმართავ საკრებულოს, შევქმნათ დროებითი სამუშაო კომისია აიპ-ების საქმიანობის შესწავლის მიზნით. დაუშვებელია ასევე, რომ ბიუჯეტის 95 % მის სახელფასო ფონდზე იხარჯებოდეს და დანარჩენი განსახორციელებელ ღონისძებებზე. ლეგიტიმური კითხვები ჩნდება საზოგადოებაში, რატომ არსებობს ეს აიპი, თუ ვერ ახორციელებს საქმიანობას“, - განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ის მიესალმება აიპ-იების საქმიანობის შესწავლის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნას.

„მე ბევრჯერ გამომიხატავს ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ჩვენ ვმუშაობთ მერიასთან, რომ შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული რეორგანიზაციის კომისია, რომელიც შეისწავლის ამა თუ იმ აიპ-ების შენარჩუნების მიზანშეწონილობას და ასევე, განსაზღვრავს ამ ორგანიზიაციებში საშტატო ერთეულების რაოდენობას“, - აღნიშნა მან.

საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას თქმით, არ სჯერა, რომ საკრებულოს დეპუტატების ინიციატივა ააიპ-ების საქმიანობის შესწავლის შესახებ განხორციელდება.

„ის, რომ აიპ-ებში შტატები გაბერილი იყო და აქ ხალხი პოლიტიკური ნიშნით იყო დასაქმებული, ამაზე უკვე 6 წელია ვსაუბრობთ. აქ ხალხს ასაქმებდნენ იმ ვალდებულებით, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ იღებდა „ქართული ოცნება“, მაგრამ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა. როგორც კი სიგნალი იგრძნეს მოსახლეობიდან და დაინახეს პირველი ტურის შედეგები, დღეს ვითომ ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას. მე არ მჯერა ამ ხელისუფლების, მაგრამ ვნახოთ“, - თქვა ბათლომე შელიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მერიას მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება.