ახალი ამბები
კობახიძე ია კერზაიას გარდაცვალებაზე: თუ ოჯახს კითხვები აქვს, შესაბამისმა უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს, შესაბამისმა უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. შესაბამისი განმარტება ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ გააკეთა.

„პირველ რიგში გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. რაც შეეხება ზოგადად ამ კონკრეტულ შემთხვევას, იქ თუ რაიმე კითხვის ნიშნები არის და თუ ოჯახს აქვს კითხვის ნიშნები, პასუხისმგებლობა არის შესაბამისი ორგანოების, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ოპერაციიდან ერთ კვირაში, 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მას ანევრიზმის დიაგნოზი ჰქონდა. სკოლის დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ ეს არის მკვლელობა, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს განათლების სამინისტროში.

ის დედის გარდაცვალებას ნერვიულობას უკავშირებს, რომელიც განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მე-6 საჯარო სკოლაში შესვლას მოჰყვა. მისი თქმით, სამინისტრომ სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოითხოვა რადგან ია კერზაიამ არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე უარი თქვა. საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება. მათივე ცნობით, მე-6 სკოლაში გამოვლინდა დარღვევა კერძოდ, „სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“.