ახალი ამბები
პურსაცხობები: ზუგდიდში პური არ გაძვირებულა
საქართველოში პური გაძვირდა, თუმცა ეს სიახლე ზუგდიდს ჯერ არ შეხებია. პურსაცხობ „ლეკოს“ მეპატრონე ლევან ბეჭვაიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მართალია დღეისთვის მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ღირებულება იგივე რჩება, თუმცა მომავალში თანხის მატება არ გამორიცხა. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფქვილის მარაგი აქვთ, თუმცა როგორც კი ამოეწურებათ, სავარაუდოდ პურზე ფასის გაზრდა მოუწევთ.

„სავარაუდოდ მოვუმატებთ, რადგან ფქვილის ფასი სულ უფრო და უფრო მატულობს. როდის გავაძვირებთ, ჯერ არ ვიცი“, - განმარტა ლევან ბეჭვაიამ.

პურზე ფასის ზრდას ჯერ არ გეგმავს შპს „ნაროს“ მეპატრონე დავით ნაროუშვილი. მისი თქმით, ქალაქში ახალი საცხობები გაიხსნა, კონკურენციის პირობებში კი ამ დროისთვის ღირებულების მომატებისგან თავს იკავებენ. მანვე აღნიშნა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში არიან ზუგდიდში მოქმედი ყველა საცხობები, რადგან მოგებისთვის ფაქტობრივად ვერ მუშაობენ.

„ფასი მინიმუმ 15%-ით არის გასაზრდელი, რომ მოგებაზე გავიდეთ. ისეთ დღეში ვართ, ვიხრჩობით. რაღაც პერიოდი ვერ ვამატებთ, მაგრამ მერე ალბათ შევთანხმდებით, დავილაპარაკებთ. ვარაუდი ეგეთია, რომ ალბათ კიდევ გაიზრდება. მიზეზი ხორბლის დეფიციტია რუსეთსა და ყაზახეთში. დიდი მოსავალი არ ყოფილაო. შესაბამისად გაიზარდა ხორბლის ფასიც“, - გვითხრა დავით ნაროუშვილმა.

მისივე თქმით, ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება უკვე გასცდა 50-51 ლარს. ამ პირობებში კი, არა მასიურად, მაგრამ კონკრეტულ ობიქტებზე პურზე ფასის დაკლებაც ხდება, კონკურენციის მიზნით.

პურის ფასი არ მოიმატებს შპს „პურის სახლშიც“. აქ „ლაივპრესს“ განუმარტეს, რომ ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა პროდუქტის ღირებულება გაზარდეს, ერთ კვირაში ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდნენ მოსახლეობის უკმაყოფილების გამო. ერთადერთი, სადაც საცხობმა პურზე ფასი მომატებული დატოვა, „ნიკორას“ ქსელია.

„გაძვირება ჩვენ მაშინაც დავგეგმეთ, განვახორციელეთ, მაგრამ შემდეგ ფიზიკურად ვერ მოხერხდა. თუმცა მცდელობა იყო“, - გვითხრა შპს „პურის სახლის“ ბუღალტერმა თამთა ჯიქიამ.

საქართველოში პური 5-10 თეთრით რომ გაძვირდა, ამის შესახებ პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისი განმარტებით, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 32%-ით მოიმატა. ამას გარდა, ახალი რეგულაციებით, პური ქაღალდის პარკში უნდა შეიფუთოს, რამაც დამატებით გააძვირა თვითღირებულება.

ზუგდიდში პურის ფასი სექტემბერშიც გაძვირდა. პროდუქტზე ღირებულებამ მაშინ 10-15 თეთრით მოიმატა. მიზეზი ერთ ტომარა ფქვილზე ფასის ზრდა გახდა.