13 წლის უშგულელ გიდს „მთის შვილის“ წოდება მიენიჭა
„მინდა, გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან, როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს. ჩვენი ამოცანაა, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში. ეს არის საუკეთესო პასუხი ადამიანებზე, ვინც ამბობს, რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა, წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თავის მხრივ, ახალგაზრდა გიდმა აღნიშნა, რომ მთაში ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საამაყოა. მან მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„მე მთის მცხოვრები ვარ. მთაში ცხოვრება ყველა ადამიანისთვის საამაყოა, მთაში ცხოვრება არის სუფთა ჰაერი, არავითარი გამონაბოლქვი იქ არ არის და ძლიან ბევრი ტურისტია, დიდ მადლობას ვუხდი ყველას“, - აღნიშნა 13 წლის უშგულელმა გიდმა.
11 დეკემბერს მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც წელს პირველად შეუერთდა საქართველო. თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა და მთის მცხოვრებლებს მიმართა. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთაში მცხოვრებლებს ღირსეული პირობები შეუქმნას და ცხოვრება შეუმსუბუქოს.
რაც შეეხება გიორგი ქოჩქიანს, მისმა ფოტომ და ისტორიამ სოციალური ქსელი დაიპყრო. ინტერნეტის მომხმარებლები მოზარდის შესაძლებლობებმა გააოცა. მან ამ ასაკში 4 ენა იცის, რომელიც ძირითადად თავად ისწავლა. გიორგი ქოჩქიანმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ებრაულს, თურქულს, ინგლისურს და რუსულს გიორგი ტურისტებთან ურთიერთობაში თითქმის ყოველდღიურად იყენებს.